Wednesday, April 11, 2012

,,რეალ მადრიდის" ისტორია (ნაწილი I )


მდინარე მანსანარესის სანაპირო, პრადოდან მომავალი გზა პუერტო დე იეროს სახელით ცნობილი ადგილი, მონკოლოა... გასული საუკუნის დასაწყისში, ვილია დე ოსოს ნებისმიერი თავისუფალი ტერიტორია შეიძლებოდა იმპროვიზირებულ მოედნად ქცეულიყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულები ბურთს დიდი ემოციით, თავდაუზოგავად დასდევდნენ. სწორედ აქ გამართული შეხვედრები იქცა კასტილიური ფეხბურთის განვითარების საფუძვლად. სადღაც, 1886-1887 წლებში “ფუტბოლ სკაი” ჩაისახა, რომელიც საფეხბურთო კლუბ, “მადრიდის” წინამორბედად ითვლება, თუმცა ამ უკნასკნელის დაარსების ოფიციალურ თარიღად, 1902 წელს მიიჩნევენ. ეს გახლდათ ფუნდამენტი, რომლის ავტორებიც პადროსი, პალასიოსი, გოროსტისაგა, მენდია, ბარელა და ნეირა იყვნენ. გავა წლები და უკვე “სამეფო კლუბად” წოდებული “რეალი” ყველაზე მაღალ საფეხბურთო მწვერვალებს დაიპყრობს, მილიონობით ქომაგს გაიჩენს და უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ევროპულ გრანდად იქცევა.
 1902 წლის 6 მარტს, ფეხბურთის ქომაგთა ჯგუფმა მადრიდ ფუთბალ ქლაბ დაარსა. გუნდის მმართველობის პირველი თავკაცი, ხუან პადროს რუბიო იყო. მისი ხელმძღვანელობით, მმართველობამ გუნდის ფორმად თეთრი მაისური და ტრუსი, ცისფერი წინდები და კეპი აირჩია. აგრეთვე იმ პერიოდში დამტკიცდა, რომ კლუბის ემბლემა იასამნისფერი ზოლით უნდა ყოფილიყო შემკული.
 უკვე 9 მარტს, მადრიდ ფუტბალ ქლაბმა თავისი პირველი თამაში ჩაატარა, თანაც ერთმანეთს მადრიდელთა ორი გუნდი ეთამაშებოდა, რათა მისი საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბებულიყო. ეს ისტორიული შეხვედრა ლაზა დე თოროს-ზე შედგა და ცისფერებმა წითლები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. მატჩიდან სულ რაღაც 13 დღეში, გამოცემა ერალდო დელ სპორტმა გამოაქვეყნა სტატია ფეხბურთის განვითარების შესახებ. მისი ავტორი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო, რომელიც მადრიდელთა პირველი მწვრთნელი გახდა. იმჟამინდელ ფეხბურთში გამეფებული ანარქიის ფონზე, ჯონსონმა, ახლადშექმნილ გუნდში გარკვეული წესრიგის დამყარება შეძლო. 
ალბათ, მადრიდის “რეალის” ზოგიერთმა ქომაგმა არც კი იცის, რომ გუნდმა, თავის მომავალ პრინციპულ მეტოქესთან, კატალონიურ “ბარსელონასთან” პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 1902 წლის 13 მაისს ჩაატარა. მაშინ, “ბარსას” რიგებში არაერთი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა. ამიტომ, კატალონიელებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ(3-1). ამ მარცხის შემდეგ, მადრიდელთათვის დამამშვიდებელ გარემოებად ასევე კატალონიურ “ესპანიოლთან” გამართული მატჩი იქცა, რომელიც “რეალის” მოგებით დასრულდა(3-2). გამარჯვებისთვის კლუბს თასი, კოპა დე ლა გრანდ პენა გადაეცა. ეს, “მადრიდის” პირველი ჯილდო იყო. ორი წლის შემდეგ, “მადრიდი” “მოდერნოსთან”, “ამიკალესთან”(რომელშიც ფრანგი ფეხბურთელები თამაშობდნენ) და “მონკოლოასთან” გაერთიანდა. 
დედაქალაქელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული პირველად 1905 წლის 18 აპრილს მოიპოვეს, როდესაც გადამწყვეტ მატჩში პრასტას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხეს. მანამდე კი პირველი დერბიც შედგა: “ატლეტიკოსა” და “მადრიდის” დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა. 
1912 წლის 31 ოქტომბერი “მადრიდისთავის” მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. კლუბმა მოედანი ონელი-ი იქირავა, რომლის მფლობელიც აურეანო არცია ჩომისო იყო. გუნდის ხელმძღვანელობა, მოედნის საფასურად, მას თვეში 1000 პესეტს უხდიდა. იმავე სეზონში “მადრიდში” ახალგაზრდა სანტიაგო ბერნაბეუს დებიუტი შედგა. 
კლუბისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი გახლავთ 1920 წლის 29 ივნისი. ამ დღეს, ესპანეთის მონარქმა “მადრიდს” სამეფო ტიტული უბოძა. იმ პერიოდიდან გუნდი მადრიდის “რეალად” იწოდება. სამი წლის შემდეგ, “რეალი” ონელიდა-ნ “სიუდად ლინეალზე”
გადავიდა, რომელიც 8000 მაყურებელს იტევდა. “სამეფო კლუბელთათვის” გახსნის მატჩიც წარმატებული აღმოჩნდა: “რეალმა” “ირუნი” 2-0 დაამარცხა(ორივე გოლი ხოსე მარია უბედამ გაიტანა). იმავე წელს, მეზობელმა “ატლეტიკომ” საკუთარი სტადიონი “მეტროპოლიტანო” აიშენა. ამიტომ, ესპანეთის საფეხბურთო დედაქალაქმა ბილბაოდან მადრიდში გადაინაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ “რეალი” “სიუადად ლინეალზე” დიდხანს არ დარჩენილა. 1924 წლის 17 მაისს, არქიტექტორ ხოსე მარია კასტელის მიერ აშენებულ ჩამარტინ-ზე(რომელიც 15000 მაყურებელს იტევდა), გუნდმა თავისი პირველი მატჩი “ნიუკასლთან” გამართა.
გასული საუკუნის 30-იან წლებში, მადრიდის “რეალის” ღირსებას ლეგენდალური მეკარე რიკარდო ზამორა იცავდა. კლუბმა გოლკიპერი 1930 წლის 1 სექტემბერს 150 000 პესეტად “ესპანიოლისაგან” შეიძინა. ზამორამ ბოლო მატჩი, “ბლანკოსის” მაისურით, ესპანეთის თასის გათამაშების ფინალში, “ბარსელონასთან” ჩაატარა. “რეალმა” 2-1 მოიგო და პრესტიჟული ჯილდო მეშვიდედ დაისაკუთრა. 




www.halamadrid.ge

No comments:

Post a Comment