Wednesday, April 11, 2012

სტადიონი-"სანტიაგო ბერნაბეუ"


სანტიაგო ბერნაბეუ – სტადიონი, საფეხბურთო მექა, კორიდას მოედანი და ყველა მადრიდისტის თბილი სახლი, სადაც შეიძლება უდიდესი სიამოვნება მიიღო ჩვენი სამეფო გუნდის, მადრიდის ,,რეალის” მიერ დადგმული არაერთი სპექტაკლით.
წელს სტადიონს 60 წელი შეუსრულდა, რომელსაც მრავალრიცხოვანი საფეხბურთო სამყარო აღნიშნავს. ამ დროის მანძილზე იყო ბევრი გამარჯვება, სიხარული და იმედგაცრუებებიც, მაგრამ ,,რეალმა” შეინარჩუნა ის ტრადიცია, რაც მხოლოდ სამეფო გუნდს ეკადრება. მან შეინარჩუნა თავისი დამახასიათებელი მებრძოლი სული, რაშიც უდიდესი წვლილი გუნდის მე-12 მოთამაშემ შეიტანა. ეს მე-12 მადრიდისტი სწორედ რომ სანტიაგო ბერნაბეუა - Estadio Santiago Bernabeu. ახლა კი მინდა სრულად გაგაცნოთ სტადიონის ისტორია:
სანტიაგო ბერნაბეუს მშენებლობა 1944 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო,,რეალის” სტადიონს და დასრულდა 1947 წლის დეკემბერში. 1955 წლის 4 იანვარს სტადიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა Estadio Santiago Bernabeu კლუბის დიდებული პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს საპატივცემულოდ.


სტადიონის ტევადობა ხშირად იცვლებოდა. 1953 წელს გაფართოების შედეგად მან შეადგინა 120,000. ამ წლიდან მოყოლებული ბერნაბეუს ტევადობა მცირდებოდა მოდერნიზაციის გამო სტადიონმა ბოლო ცვლილება 2003 წელს განიცადა და მისმა დასაჯდომმა სკამების რაოდენობამ 80,500-ს მიაღწია.
ბერნაბეუ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ადგილია. 1957, 1969 და 1980 წლებში მან უმასპინძლა ევროპის თასის (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალებს; 1964 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალს (მაშინ ესპანეთის ნაკრებმა დაამარცხა სსრკ-ს ნაკრები ანგარიშით 2-1 პერედას (6’) და მარსელინოს (84’) გოლებით. სსრკ-ს ნაკრებიდან გოლი ხუსაინოვმა (8’) გაიტანა), ხოლო 1982 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.
სტადიონს გააჩნია საკუთარი მეტროს გაჩერება, რომელიც მადრიდის მეტროს მე-10 ხაზზე მდებარეობს და სანტიაგო ბერნაბეუ ეწოდება. იგი მდებარეობს მადრიდის ბიზნეს-ცენტრის შუაგულში, რაც არ არის დამახასიათებელი საფეხბურთო მოედნისთვის.

მისი დაარსების (1902 წ.) შემდეგ მადრიდის ,,რეალს’’ გააჩნდა პატარა მოედნები მანამ, სანამ 1912 წელს გადავიდოდა ‘Campo de O’Donnell’-ზე. აღნიშნული სტადიონი 11 წლის განმავლობაში იყო ‘რეალის’ საშინაო მინდორი. 1923 წელს კლუბმა ადგილი შეიცვალა და გადაბარგდა ‘Campo de Ciudad Lineal’ –ზე, რომლის ტევადობა 8,000-ით განისაზღვრებოდა. ამჯერად ‘რეალმა’ ამ მოედანზე მხოლოდ 12 თვე გაატარა. 1923 წლის 17 მაისს (ამ დღეს გაიხსნა ახალი სტადიონი) Estadio Chamartiní-ზე კლუბმა გამართა მატჩი ‘Newcastle United’-თან. სწორედ ამ სტადიონზე, რომელიც 22,300 გულშემატკივარს იტევდა, ,,რეალმა’’ მოიპოვა თავისი პირველი ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები (1931-32 და 1932-33 წლების სეზონებში).
ზემოთ აღნიშნული წარმატებების შემდეგ, 1943 წელს პრეზიდენტად არჩეულმა დონ სანტიაგო ბერნაბეუმ გადაწყვიტა, რომ ,,ჩამარტინის’’ სტადიონი არ იყო საკმარისად დიდი იმისათვის, რომ კლუბის ამბიციები ბოლომდე დაეკმაყოფილებინა. უნდა აშენებულიყო ახალი სტადიონი; და როგორც იქნა განხორციელდა დონ სანტიაგოს გეგმა და 1947 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა მადრიდის ,,რეალის’’ ახალი სტადიონი. დღეს ყველამ იცის ამ მოედნის სახელი. სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი - საფეხბურთო მექა . . . და ა.შ. მიუხედავად ამისა, ახალ სტადიონს სანტიაგო ბერნაბეუ მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 1955 წელს ეწოდა. პირველი შეხვედრა, რომელსაც ბერნაბეუმ უმასპინძლა გაიმართა ,,რეალს’’ და პორტუგალიურ ,,ბელენენსეშს’’ შორის. აღნიშნული მატჩი, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით (3-1) დასრულდა. პირველი გოლი ამ სტადიონზე საბინო ბარინაგამ გაიტანა. ამ დროისთვის ბერნაბეუს ადგილების რაოდენობა 75,300 იყო.
1953 წელს გადაწყდა სტადიონზე მე-3 იარუსის აგება, რის შედეგადაც ადგილების რაოდენობა 120,000-მდე გაიზარდა!!!
ამ დროისთვის მადრიდში საფუძველი ეყრებოდა დიდი გუნდის მშენებლობას, რომელიც შემდეგ წლებში უამრავ ტიტულს მოიპოვებდა. ერთერთი თასი (რიგით მე-2 ევროპის თასი გუნდისთვის) ‘’რეალმა’’ სწორედ ბერნაბეუზე მოიპოვა (1957 წ.), როდესაც მან იტალიური ,,ფიორენტინა’’ ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გარდა ამისა გაიმართა ევროპის თასის ფინალის სხვა თამაშებიც; (1969: ,,მილანი” - ,,აიაქსი’’ და 1980: ,,ნოტინგემ ფორესტი’’ - ,,ჰამბურგი”). ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველი თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა 1964 წელს სსრკ-ს წინააღმდეგ.
რადგანაც ახლოვდებოდა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სტადიონს ესაჭიროებოდა მორიგი განახლება. ამის შედეგად რაოდენობა 90,000-მდე შემცირდა.


1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები, რომლებიც ჩატარდა სანტიაგო ბერნაბეუზე:
• დას. გერმანია - ინგლისი 0:0 (ჯგ. ეტაპი)
• დას. გერმანია - ესპანეთი 2-1 (ჯგ. ეტაპი) გოლები: ლიტბარსკი (50’), ფიშერი (58’), ზამორა (82’)
• ესპანეთი - ინგლისი 0:0 (ჯგ. ეტაპი)
• იტალია - დას. გერმანია 3-1 (ფინალი) გოლები: როსი (57’), ტარდელი (69’), ალტობელი (81’), ბრაიტნერი (83’)
სამწუხაროდ ესპანეთის ნაკრები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
1992 წელს ბერნაბეუზე კიდევ ერთხელ გაიზარდა ადგილების რაოდენობა და გახდა 106,500. ამავე დროს სტადიონის გარე მხარეც შეიცვალა და ისეთი გახდა, როგორიც დღეს არის. (დაემატა ულამაზესი შესასვლელი კოშკები სტადიონის კუთხეებში). ამ ცვლილებით სანტიაგო ბერნაბეუმ დიდი კონკურენცია გაუწია მის უშუალო ,,მოსისხლე მტრის’’ სტადიონს (ყველანი მიხვდებით. ამ გუნდის სახელის დაწერა ჩემთვის წამებაა) ადგილების რაოდენობით, მაგრამ 1998/1999 წელს უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სტადიონის ყველა ფეხზე დასადგომი ადგილები დასაჯდომი სკამებით უნდა შეცვლილიყო. ცვლილების შედეგად სანტიაგო ბერნაბეუს რაოდენობა 74,300 გახდა.
ამჟამად მიმდინარეობს სტადიონის რენოვაცია (განახლება), რომელიც გულშემატკივართა ადგილების რაოდენობას 80,000-მდე გაზრდის.
2007 წლის 14 ნოემბერს ფიფამ სანტიაგო ბერნაბეუ დაასახელა, როგორც ელიტარული სტადიონი (5 ვარსკვლავი). ასე, რომ სტადიონს უფლება აქვს კიდევ ერთხელ უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატის, უეფას ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის ფინალებს.







www.halamadrid.ge

No comments:

Post a Comment